ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურს სწრაფი ინსპექტირების რენტგენოსკანერი (VACIS) გადასცა. 19 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი“, გაიმართა სკანერის გადაცემის ცერემონია, რომელსაც დაესწრო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი.
ცერემონიის მონაწილეებს მიესალმა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ქმედითი თანამშრომლობისა და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა.
ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.
საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს საზღვარზე დანერგილი საბაჟო პროცედურები და აჩვენეს შესაბამისი აღჭურვილობა. ცერემონიის მონაწილეებს მიეცათ საშუალება, საკუთარი თვალით ენახათ შემოსავლების სამსახურის კინოლოგიის ცენტრის ძაღლის მიერ ნარკოტიკების აღმოჩენის პროცესიც.
სწრაფი ინსპექტირების რენტგენოსკანერი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ეფექტიანი მუშაობისათვის საუკეთესო მაღალტექნოლოგიური შენაძენია. შემოწმების სისტემა VACIS XPL უნიკალური საშუალებაა დიდი რაოდენობით მსუბუქი ავტომანქანებისა და სხვა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სკანირებისთვის. სისტემის საშუალებით შესაძლებელია საათში 150-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალების - მსუბუქი ავტომანქანების, ,,ჯიპების”, ავტოფურგონების, მცირეგაბარიტიანი სატვირთო მანქანების, მოტოციკლების - სკანირება. სკანირება ხდება სატრანსპორტო საშუალების აგრეგატში მოძრაობის პროცესში, გაჩერების გარეშე.