საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე პროცესი 26 ივლისს გაიმართება.
დღევანდელ პროცესზე კი საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით ჯუღელმა თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლები თავდების საფუძველზე გაათავისუფლა. ყოფილ მაღალჩინოსნებს თავდებში დეპუტატები, მინისტრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ჩაუდგეგნ.
კაბელების საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ გუშინ სასამართლოს მიმართა. თუმცა მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა გირაოზე არ დააკმაყოფილა და დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
4 მილიონ ლარზე მეტი თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული იყო სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე, დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური. ასევე სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი დავით წიფურია და კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი არჩილ ალავიძე.