დიდი შანსია, რომ ასეთი წყალდიდობა განმეორდეს და უფრო ინტენსიურიც იყოს , - განაცხადა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ თბილისში სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესახებ, ტელეკომპანია ”ტაბულას” გადაცემა ”თეორემაში”.
“ ნალექი არის პირველი მიზეზი. იმიტომ, რომ იმ სიხშირის ნალექი, რაც 3 საათის განმავლობაში მოვიდა, დამახასიათებელია ასეთი მდინარისთვის 2-3 თვის განმავლობაში. მაგრამ სტიქია არა მარტო უხვმა ნალექმა გამოიწვია, არამედ იმანაც, რომ თვითონ წყალშემკრები აუზი, მთები, ეკოსისტემა იყო ძალიან დეგრადირებული, ეროდირებული და ამის შედეგად მდინარეში მოხვდა დიდი ოდენობით ქვა -ღორღი და ნარჩენი. გარდა ამისა, კალაპოტი იყო დაბინძურებული და დანაგვიანებული სამშენებლო ნაგვით და ყველაფერი ამით დატვირთულმა მდინარემ ჩახერგა პირველი გვირაბი სვანაძის ქუჩის დასაწყისში... ვერეს წყალშემკრები აუზი არის ძალიან დეგრადირებულ მდგომარეობაში, გამეჩხერებული, ტყე თითქმის აღარ არსებობს, არის მეორადი ეკალ-ბარდი, რომელსაც წყალშეკავების ფუნქცია აღარ აქვს. ასე რომ, ძალიან დიდი შანსია, რომ ასეთი წყალდიდობა განმეორდეს და უფრო ინტენსიურიც იყოს”, - განაცხადა ჯანაშიამ.