ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურს ურჩევს, კორუფციასთან ბრძოლა საკუთარი რიგებიდან დაიწყოს.
ამის შესახებ სააკაშვილმა მას შემდეგ განაცახდა, რაც შეიტყო, რომ კორუფციასთან წინააღმდეგ ბრძოლაში მის დასახმარებლად კიევიდან უშიშროების სამსახურის სპეცდანაყოფი გააგზავნეს.
,,იმის შესახებ, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა კორუფციასთან საბრძოლველად ჩემს დასახმარებლად სპეციალური ჯგუფი გამოგზავნა, მედია-საშუალებებიდან გავიგე და მხოლოდ ამის შემდეგ დავუკავშირდი ამ სამსახურის ხელმძღვანელს.
მე მგონი, ჯობდა, უშიშროების სამსახურს კორუფციასთან ბრძოლა საკუთარი რიგებიდან დაეწყო. მაგალითად, ოდესაში ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ კონტრაბანდას სწორედ ამ უწყების წარმომადგენლები ,,კრიშავენ.” რა თქმა უნდა, იქაც არიან წესიერი ადამიანები, რომელთა იმედიც გვაქვს და რომლებიც კორუფციისგან საკუთარ რიგებსაც გაწმენდენ და სხვა ორგანოებსაც მიადგებიან.” - აცხადებს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის მრჩევლის მარკიან ლუბკივსკის განცხადებით, მათმა უწყებამ ოდესაში სააკაშვილის დასახმარებლად გუშინ სპეციალური ჯგუფი გაგზავნა.
უკრაინულ პრესაში დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსი ვალენტინ ნალივაიჩენკო თანამდებობიდან უკვე გაათავისუფლეს.