თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ ხვალ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს სასამართლო გაათავისუფლებდა. სწორედ ამით ხსნის "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი
პროკურატურის შუამდგომლობას დაკავებული პირებისათვის წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.
,,გადაწყვეტილება, რომლის მიღებასაც ხვალ ველოდებით, იქნება პირველი ნაბიჯი უსამართლობის წინააღმდეგ. რასაც კიდევ უფრო დიდი გამარჯვება მოჰყვება. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ტყვეობიდან 5 უდანაშაულო ადამიანის გამოხსნა იქნება დიდი ნაბიჯი სამომავლოდ ყველა უდანაშაულოდ დაჩაგრული ადამიანის გასათავისუფლებლად. საზოგადოების ერთსულოვნება და გვერდში დგომა რომ არ ყოფილიყო, დღეს ეს შედეგი არ გვექნებოდა. დღეს ბიძინა ივანიშვილი დამარცხდა", - განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი ალასანიამ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირებთან დაკავშირებით შუამდგომლობით მიმართა.
უწყებამ მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დაკავებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების: ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის, დავით წიფურიას, გიორგი ლობჟანიძის, არჩილ ალავიძის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმება და აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეფარდება.