ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ თბილისში მომხდარი სტიქიის შემდეგ, ხელისუფლებამ იმ ადამიანების სიმპათიაც კი დაიმსახურა, რომლებიც მათ მიმართ კეთილგანწყობით არასდროს ხასიათდებოდნენ. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში ლაგაზიძე აცხადებს ბოლო დღეების განმავლობაში ხელისუფლებამ ლამის აკრიფა ის რეიტინგი, რომელსაც კარგავდა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდეგ.
,,13 ივნისის შემდეგ ხელისუფლებამ იმ ადამიანების სიმპათიაც კი დაიმსახურა, რომლებიც მათ მიმართ კეთილგანწყობით არასდროს გამოირჩეოდნენ. მათ აჩვენეს ის სახე, რომელიც საზოგადოებას ასე სურდა: ხელისუფლების ადამიანური სახე. ამ დღეებში ხელისუფლებამ ლამის აკრიფა ის რეიტინგი, რომელსაც მეთოდურად კარგავდა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის მერე”, _აცხადებს ლაგაძიზე.
თუმცა ლაგაზიძე განმარტავს, რომ ხელისუფლებამ გუშინ ხელისუფლება რელსებიდან გადავიდა, როცა ,,ლაგუნა ვერესთან” მომხდარი ტრაგედიის შემდეგ განტევების ვაცის ძიება დაიწყო.
,,კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, როცა ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა და განტევების ვაცის ძიება დაიწყო, რაღაც მომენტში ხელისუფლება რელსებიდან გადავიდა. ძალიან მძიმე სანახავი იყო ზოოპარკის დირექტორს ამოფარებული ხელისუფლება - დამაფიქრებელი იყო არა იმდენად ის, თუ როგორ ახოცავდნენ გურიელიძეს ხელს, არამედ, ის თუ როგორ რეაგირებდნენ კრიტიკულ სიტუაციაში ხელისუფლების წარმომადგენლები.თუმცა ხელისუფლება სწრაფადვე გამოერკვა პირველი შოკიდან და განაცხადა, რომ ის ხელს არავისკენ იშვერს, პასუხისმგებლობას არ იხსნის და გურიელიძის გარდა პროკურატურამ კრიზისების საბჭოსა და შსს-ს თანამშრომლებიც დაკითხა. კარგია, რომ ეს ხელისუფლება საკუთარი შეცდომების აღიარება-გამოსწორების უნარს ინარჩუნებს”, _აცხადებს ლაგაზიძე.