თბილისში, არსებულ პარლამენტის შენობაში პარლამენტის წევრებისა და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენელთა მონაწილეობით შეხვედრა გაიმართება, სადაც “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ახალ პროექტს განიხილავენ.
კანონპროექტის შემუაშვების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის ნოემბერში დამტკიცებული “საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია”.
პარლამენტის ინფორმაციით, წარმოდგენილი კანონის პროექტი მომზადებულია 2013 წელს განხორციელებული ანალიზისა და საკონსულტაციო პროცესის შედეგად, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები.
ანალიზის შედეგად გამოიკვეთა საჯარო სამსახურის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების სხვადასხვა ნაკლოვანი მხარე, როგორიცაა ურთიერთგამომრციხავი დებულებების არსებობა, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი კანონქვემდებარე აქტების არარსებობა, კანონის დებულებათა განმარტებისა და მისი პრაქტიკაში გამოყენების ბუნდოვანი და ორაზროვანი პრაქტიკა ისეთ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც უნიფიცირებულ მიდგომას საჭიროებენ.
სოწორედ არსებული საკანონმდებლო ნაკლოვანებების აღმოფხვრის, თანამედროვე ევროპული სამართლებრივი მიდგომებისა და ქვეყნის შიგნით დადგენილი პრიორიტეტების გათვალისწინების მიზნით შემუშავდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ახალი პროექტი.
კანონპროექტის მიზანია სრულყოფილად მოხდეს საჯარო სამსახურის სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების ფორმირება,რომელმაც უნდა უზრუნველყოს თავისუფალი, დემოკრატიული ღირებულებების მქონე სახელმწიფოს მშენებლობისა და ეფექტიანი მმართველობის განხორციელების პროცესის წარმატება, საჯარო სამსახურის სისტემის მეტი გამჭვირვალობა, რაც შესაძლებელს გახდის ნათლად გაიმიჯნოს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა კატეგორიები და მათი სამართლებრივი სტატუსი.
კანონოსპროექტი ასევე ითვალისწინებს, ჩამოყალიბდეს პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტი და შეიქმნას მათთვის შესაბამისი გარანტიები.
მხარეებს შორის შეხვედრა 16:00 საათზე გაიმართება.