ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან ასელბორნის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან.
შეხვედრებისას ყურადღება გამახვილდა ორმხრივ ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე და სამომავლო პერსპექტივებზე, საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.
საგარეო უწყების ცნობით, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რაც ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ევროკავშირის საბჭოს მომავალი თამჯდომარე ქვეყნის მიერ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას ადასტურებს.
ვიზიტის ფარგლებში ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე ეწვია წეროვანში ლტოლვილთა დასახლებას და მოინახულა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელი ხურვალეთი.
მინისტრმა ასელბორნმა მავთულხლართების გავლებას პოლიტიკური და ჰუმანიტარული კატასტროფა უწოდა და განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში დაგეგმილია მისი ვიზიტი მოსკოვში, სადაც ის აუცილებლად განიხილავს არსებულ ვითარებას თავის რუს კოლეგასთან.
შეხვედრებზე აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს, როგორც ეკონომიკის და ვაჭრობის, ასევე, განათლების და კულტურის სფეროებში, ასევე ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების კუთხითაც.
ასელბორნმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში მოხერხდება ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესის დასრულება და ასევე, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმება.