საპატრულო ახალი პოლიცია ოდესაში აგვისტოს შუა რიცხვებიდან ამოქმედდება. ამის შესახებ ოდესის საოლქო ადმინისტრაცის მეთაურმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ გამართულ რეგიონის სტრატეგიულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
,,აგვისტოს შუა რიცხვებში ოდესას ახალი საპატრულო პოლიცია ეყოლება. სამშაბათს წარმოგიდგენთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოდესის საოლქო განყოფილების ახალ უფროსს.” - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი განმარტებით, ადგილობრივი მილიციის თანამშრომელთა ნაწილი დღეისთვის ბიზნესის მიტაცებით და ნარკოტიკების გასაღებით არის დაკავებული.
სააკაშვილი აცხადებს, რომ ის კაფეებისა და რესტორნების მეპატრონეებს ესაუბრა, რომელთაც მსგავსი ფაქტების შესახებ აუწყეს.
,,ბიზნესმენებმა მითხრეს, რომ ისინი თავს დაცულად ვერ გრძნობენ და იძულებულები არიან ,,უსაფრთხოების საზღაური” გადაიხადონ.
თქვენ დაინახავთ, რომ ზაფხულის ბოლოსთვის ყოველივე ეს მოისპობა. აქ იქნება ახალი საპატრულო პოლიცია, რომელიც თავისი IQ-თი, მანერებითა და მუშაობის ხარისხით ძლიერ განხვავებული იქნება დღეს არსებულისგან.” - განაცხადა სააკაშვილმა.
მან აქცენტი სწორედ უსაფრთხოებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ წარმატებული ტურიზმისთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამის მაგალითად საქართველო დაასახელა, სადაც მისი თქმით, ტურისტების რაოდენობა წელიწადში 100 ათასიდან 6 მილიონამდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, ოდესაში გუშინ რეგიონის განვითარების საკითხებზე სტრატეგიული სესია გაიმართა, რომელსაც 600-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, რომელთა შორის საზოგადოებრივი აქტივისტები, ექსპერტები, მეწარმეები, კულტურისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები იყვნენ.