,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი ვაშაძის მტკიცებით, იგი პარლამენტის სხდომებს მოსახლეობასთან შეხვედრების გამო აცდენს, თუმცა ამის შესახებ ოფიციალურად ვერ აცხადებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაცდენებთან დაკავშირებით, დღეს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას მან აღნიშნა, რომ არსებული სტანდარტი სწორედ უსუფაშვილის შემოღებულია.
"ოჯახური მდგომარეობის გამო გაცდენა იწერება იმიტომ, რომ ეს სტანდარტი დავით უსუფაშვილმა დანერგა. ამომრჩეველთა შეხვედრაზე, ან მივლინებაში, რომ ხარ გიწევს დაწერო, რომ ოჯახური პრობლემების გამო ვერ დაესწრები სხდომას. აი დღეს იყო კომიტეტის სხდომა, მე ვხვდებოდი ვანში მოსახლეობას. იმას კი ვერ დავწერ, რომ ვანში მოსახლეობას ვხვდებოდი, უნდა დავწერო ის, რომ მქონდა ოჯახური პრობლემა,"- აცხადებს დეპუტატი გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე იმ 10 დეპუტატის სია წამოადგინა, რომლებიც პლენარულ სხდომებს ყველაზე ხშირად აცდენენ. პარლამენტის თავმჯდომარემ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს დავალება მისცა რეგლამენტში შესწორება შეიტანონ ,,ოჯახური პირობების გამო” გაცდენების საპატიო ნუსხიდან ამოღების შესახებ.