ოპერატიულ ტექნიკური დეპარტამენტი, შსს-ს გამოეყოფა და იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადავა. პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, პირველი მოსმენით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის ინიციატივას იხილავს, რომელიც საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნას ითვალისწინებს. საკითხს პარლამენტს შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია აცნობს.
მისი თქმით, ე.წ. ოტო-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადასვლა არ ნიშნავს, რომ პოლიციელს ფარული საგამოძიებო მოქმედებების უფლება აღარ ექნება
"ფარული საგამოძიებო მოქმედებები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით, ხოლო გადაუდებელ შემთხვევაში - პროკურორის დასაბუთებული დადგენილებით. ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი ეს არის ტექნიკური მომსახურება და, შესაბამისად ის, რომ ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი შსს-ში აღარ იქნება, არ გამორიცხავს იმას, რომ პოლიციელს ჰქონდეს მომავალში ფარული საგამოძიებო უფლებამოსილებების განხორციელების შესაძლებლობა. იგი გამოიყენებს იმ სერვისს, რომელიც "ოტოს" სახით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იქნება", - განმარტა იზორიამ.
მისივე თქმით, შსს-ში არსებობდა დეპარტამენტები, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.
"რა პრეტენზია უნდა გვქონოდა სამართლებრივ სახელმწიფოზე, როდესაც "კუდის" დებულება მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ მოვიძიე. ანუ აღმოჩნდა, რომ ვიღაცის კონკრეტულ თვითნებობაზე იყო დამოკიდებული ის, რომ დღეს განვახორციელებ პოლიციურ ფუნქციას, ხვალ სხვა ფუნქციას, რაღაცა მოპრიანებისა და სურვილების განხორციელების დონეზე იყო გაგებული", - განაცხადა იზორიამ.