პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი მიიჩნევს, რომ სხდომების გაცდენებთან დაკავშირებით, რეგლამენტში ცვლილებები მართლაც უნდა შევიდეს. თუმცა აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ეს არ იქნება მარტივი პროცესი.
„ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ იმაზე, რომ ოჯახური მდგომარეობა რეგლამენტიდან ამოვიღოთ, ან იქ რაღაც დაზუსტება მოხდეს. დღევანდელი რეგულაციით, პარლამენტის წევრი უბრალოდ აკეთებს განცხადებას, რომ ის ოჯახური მდგომარეობის გამო სხდომას ვერ ესწრება და ეს მას საპატიოდ ეთვლება, თუმცა რა მდგომარეობაა ამ შემთხვევაში ნაგულისხმები, ეს არ კონკრეტდება. ეს გარკვეულ დაფიქრებას საჭიროებს, იმიტომ რომ არცთუ ისე მარტივი იქნება კონკრეტული რეგულაციის მოფიქრება“, - განაცხადა კახიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპროცედურო საკითხთა კომიტეტს მოუწოდებს, ოჯახური მდგომარეობის გამო პარლამენტის სხდომების გაცდენა, რომელიც საპატიო მიზეზად ითვლება, რეგლამენტიდან ამოიღოს.
პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დავით უსუფაშვილმა ის 10 დეპუტატი დაასახელა, რომლებიც ყველაზე ხშირად აცდენენ სდომებს.