,,ნაციონალი” დეპუტატის ხათუნა გოგორიშვილის შეფასებით, ფინანსთა სამინისტრო ტერმინების მოგონებისთვის მეტ დროს ხარჯავს, ვიდრე პრობლემების მოგვარებისთვის.
2014 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე ანგარიშის მოსმენისას გოგორიშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მისვლას უშედეგოდ ითხოვს.
,,ხადური აქ მოსვლისგან თავს იმიტომ იკავებს, რომ მისთვის ჩვეული მოგონილი არგუმენტებითა და შედეგებით ჩვენთან ფონს ვერ გავა. ფინანსთა სამინისტრო ტერმინების მოგონებისთვის უფრო მეტ დროს ხარჯავს, ვიდრე პრობლემების მოგვარებისთვის. თქვენს მიერ შელამაზებულ პროცესებს ქართულ ენაზე სკვესტრი ჰქვია. ბატონო გიორგი, მეცოდებით, რომ ამ უბედურებაში ხართ მოხვედრილი, რადგან თქვენნაირ კომპეტენტურ ადამიანს სიტუაციის მართლება უწევს“, - მიმართა გოგორიშვილმა ხადურის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს.
უმცირესობის წევრებმა სამინისტროში გაცემულ პრემიებზეც ისაუბრეს. გოგორიშვილის განცხადებით, მინისტრმა მათ არასრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა, საიდანაც გაურკვეველია თავად კაკაურიძის პრემიის ოდენობა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე 2014 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე მოხსენებას საპარლამენტო უმცირესობასთან წარადგენს.
სხდომაზე მან ლარის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსი სტაბილური იყო, თუმცა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება წლის ბოლოს დაიწყო. კაკაურიძის განცხადებით, ლარის კურსის გაუფასურების მიზეზი იყო ისიც, რომ დოლარი ყველა ვალუტასთან მიმართებაში გამყარდა. კაკაურიძემ ლარის გაუფასურების მიზეზად საგარეო ფაქტორებიც დაასახელა.