ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მოსწავლეებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა კანონშემოქმედებითი საქმიანობა, კომიტეტის მიზნები და ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი და პერსპექტივები იყო.
შეხვედრა, რომელიც თითქმის 3 საათს გაგრძელდა, ლევან ბერძენიშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე, ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისკენ საქართველოს სწრაფვაზე, ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის მიერ განვლილ გზაზე, ევროინტეგრაციის საკითხებში პარლამენტის როლზე და ევროპულ სივრცეში საქართველოს ადგილის დამკვიდრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
დეპუტატმა ჩვენი ქვეყნის მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებებზე ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების საკანონმდებლო ჰარმონიზაციის კუთხით, პარლამენტის მნიშვნელოვან როლზე ყურადღება გაამახვილა. მან ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს თავისუფალი მიმოსვლის მინიჭების თაობაზე ისაუბრა და ღრმა რწმენა გამოთქვა, რომ 2016 წლიდან საქართველოს ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა მიეცემა.
ლევან ბერძენიშვილმა მოსწავლეებს ევროკავშრში შემავალ ქვეყნებზე, ევროპის საბჭოზე და ევროპარლამენტის მუშაობაზეც გაამახვილა ყურადღება. მან ახალგაზრდებს ევროპარლამენტის მუშაობის სპეციფიკა და გააცნო და განუმარტა, რომ საქართველო ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია, სადაც 5 დეპუტატი ძირითად 5 კი, სათადარიგო შემადგენლობაში შედიან, რომლებიც როგორც პლენარული სესიის ასევე, კომიტეტების სხდომებში აქტიურად მონაწილეობენ.
შეხვედრა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეების კითხვები ძირითადად შეეხებოდა, თუ რა სიკეთეებს და საფრთხეებს უნდა ელოდოს ქვეყანა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანებით, რა შანსები ეძლევათ ახალგაზრდებს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციით და რა ღონისძიებებს ატარებს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის შესახებ მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. ახალგაზრდები მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმებითაც დაინტერესდნენ სადაც ლევან ბერძენიშვილმა განსაკუთრებით საყოველთაო დაზღვევა და სოფლის მეურნეობაში მიღწეული წარმატებები გამოყო.
დეპუტატმა განათლების და განათლებული ახალგაზრდების მნიშვნელობაზე და სახელმწიფოს განვითარებაში განათლებული საზოგადოების როლზე ისაუბრა.
„უკეთესი გზა ვიდრე ეს არის ევროპული გზა საქართველოსთვის არ არსებობს. თქვენ ხართ საქართველოს მთავარი სიმდიდრე, მონაპოვარი. გაგიმართლათ, რომ ჩემგან განსხვავებით, დაიბადეთ საკუთარ, თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში მიმართა ლევან ბერძენიშვილმა სტუდენტებს და იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდები აუცილებლად იპოვიან საკუთარ თავს აქ, ამ ქვეყანაში.
ლევან ბერძენიშვილთან შეხვედრას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრიდან ბავშვთა უფლებების დაცვის, დებატ-კლუბის და გაზეთ „ათინათის“ოცდაათამდე ახალგაზრდა ესწრებოდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებისთვის საექსკურსიო ტური გაიმართა, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ პარლამენტის სტრუქტურას, კანონშემოქმედებით საქმიანობას და ზოგადად, საკანონდებლო პროცესს.