ოდესის ოქლის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ ,,დოჟდ”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას უკრაინაში უფრო მაღალ თანამდებობასაც სთავაზობდნენ, მაგრამ არ დასთანხმდა, რადგან ამ ქვეყნისთვის მეტი საქმის კეთება უნდოდა.
,,პოროშენკომ მე ვიცე-პრემიერის პოსტი შემომთავაზა. და ვინ არის ვიცე-პრემიერი? ეს არის დიდი კაბინეტი, ეს არის შესაძლებლობა, ლოყები გაბერო და იყო იმ ყოფის ნაწილი, რომელიც მე არ მახასიათებს.” - განუცხადა მან ,,დოჟდ” - ის კორესპონდენტს ქსენია სობჩაკს.
სააკაშვილის თქმით, ის ზუსტად თავის ადგილზე აღმოჩნდა, რადგან საჭიროა ოდესის შენარჩუნება, ვინაიდან, თუ ოდესა დაეცემა, მსგავსი ბედი ელის საქართველოსაც.
,,ჩვენ აქ გამეფებულ უკანონობას აღმოვფხვრით და უსაფრთხო გარემოს შევქმნით, ისეთს, სადაც პოლიცია პატიოსნად იმუშავებს და ის აუცილებლად იმუშავებს... ჩამოყალიბდება პატრული, რომელსაც ქართველი უხელმძღვანელებს. ჩვენ ასევე პოლიციის ახალი უფროსი მოვიყვანეთ აქ.
რატომ მინდოდა აქ მუშაობა?
აქ არის სუპერმუყაითი ხალხი. ხასიათი სამხრეთული, ძალიან ჰგავს ქართულს.” - აუხსნა სააკაშვილმა სობჩაკს.
თავის მხრივ, ქსენია სობჩაკმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს 5 წლის წინანდელი ინტერვიუ გაახსენა და ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილს მაშინ წარმოედგინა, რომ ოდესმე ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდებოდა?
,,ეს რა თქმა უნდა, სრულიად უჩვეულო რამ არის, როცა ერთი ქვეყნის პრეზიდენტის მეორე ქვეყნის გუბერნატორად ტრანსპლანტირება ხდება და ერთი ქვეყნის პოლიტიკოსი მეორე ქვეყნის პოლიტიკოსი ხდება.
ჩემი თანამდებობა, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია, მაგრამ ცხოვრება ასეთი უჩვეულოა, ჩვენ ომში ვართ, ჩვენს გარშემო ომია.” - უპასუხა რუს ჟურნალისტს სააკაშვილმა.