ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი სოსო ბარათაშვილი პროკურატურის მიერ კაბელების საქმეზე გრიფი საიდუმლოს მოხსნას ეხმიანება და აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებამ გადაწყვეტილება საზოგადოების პროტესტის გამო მიიღო.
,,ჩვენ კვლავ გვრჩება საფუძველი, ვიფიქროთ, რომ პროკურატურამ თავისი განჩინება მხოლოდ იმ მიზნით გაასაიდუმლოვა, რომ ფართო საზოგადოებისთვის უცნობი დარჩენილიყო ამ განჩინების შინაარსი. მას შემდეგ, რაც ამის თაობაზე გუშინ განვაცხადეთ, პროკურატურა იძულებული გახდა სასწრაფო წესით მიემართა კონტრდაზვერვის დეპარტამენტისთვის და მოეხსნა საიდუმლო გრიფი. არაფერი საჩივარში არ წერია საიდუმლო, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული მცდელობა, დაფარონ ამ საჩივრის უსუსური შინაარსი", - განაცხადა ადვოკატმა
კაბელების საქმეზე პროკურატურის სააპელაციო საჩივარს გრიფი საიდუმლო მოეხსნა. საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილება ცნობილი დღეს დილით გახდა.
პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით, მტკიცებულებების განხილვა დახურულ სხდომაზე მოხდა.
"ადვოკატებმა პირველივე სხდომაზე იშუამდგომლეს და მოითხოვეს სასამართლო პროცესების დახურვა. მტკიცებულებების განხილვა დახურულ სხდომაზე მოხდა. განჩინება, რომელიც გავასაჩივრეთ, გამოცხადდა დახურულ სხდომაზე, რადგან ის შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას. განჩინების ნაწილი დაიშტრიხა და ისე გადეცა ადვოკატებს. მათ არ აქვთ დაშვება ამ კატეგორიის ინფორმაციაზე. მას შემდეგ, რაც შევიტანეთ საჩივარი სასამართლოში, ჩვენ კვლავ მივმართეთ კონტრდაზვერვის დეპატრამენტს, რომელმაც საჩივარში საიდუმლო და არასაიდუმლო ნაწილი გაიმიჯნა. ამის შემდეგ ჩვენ შევასრულეთ პირობა და მივაწოდეთ ეს საჩივარი ადვოკატებს. ეს პროცედურული საკითხები ადვოკატებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი," - აცხადებს პროკურორი.
შეგახსენებთ, ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსმენის ადვოკატებისა და „თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, პროკურატურამ საკუთარ საჩივარს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, საქმეში ბრალდების მხარის მთავარი მტკიცებულების - სასაქონლო და საინჟინრო მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის შესახებ, გრიფი „საიდუმლო“ დაადო, რის გამოც შესაძლოა გადაწყვეტილების მიზეზები საიდუმლოდ დარჩეს და საზოგადოებამ მხოლოდ მოსამართლის გადაწყვეტილება გაიგოს.