კოდაში მცხოვრები დევნილები სამედიცინო მომსახურებას უფასოდ მიიღებენ. დევნილებისთვის გახსნილ სამედიცინო პუნქტში დღეს სპეციალური აპარატურით აღჭურვილი ექიმების მობილური ჯგუფი ჩავიდა, რომელიც დევნილებს ადგილზე
ყველანაირ სამედიცინო გამოკვლევას უტარებს. აქციას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამედიცინო გამოკვლევაში შედის დიაგნოსტიკა, პორტატული დიაგნოსტიკა, ექოსკოპია, კარდიოგრამა და სხვა. გარდა ამისა, დევნილები მედიკამენტებსაც უფასოდ მიიღებენ. მათ ქურთის საავადმყოფოს ბრიგადა ემსახურება.
როგორც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა დევნილებთან შეხვედრისას აღნიშნა, მსგავსი აქციები დევნილთა სხვა ჩასახლებებშიც გაგრძელდება.
"კოდაში კოდორიდან და დიდი და პატარა ლიახვიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობა. ხედავთ, რომ თანამედროვე აპარატურით გამოკვლევებს ვუტარებთ და მედიკამენტებსაც უფასოდ ვაძლევთ. რაც მთავარია, მსგავსი აქცია პირველი არ არის, უკვე მეოთხედ ტარდება და უფასო გამოვლევები დევნილთა სხვა ჩასახლებებშიც გაგრძელდება", - განაცხადა სუბელიანმა.
დევნილი მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ მკურნალობის საშუალება არა აქვთ და
მობილური სამედიცინო ჯგუფები მათ დიდ დახმარებას უწევენ.
"მსგავსი გამოკვლევები პერიოდულად გვიტარდება და ძალიან კარგია. წამალსაც უფასოდ გვაძლევენ. როგორ შეიძლება კმაყოფილები არ ვიყოთ. წამლები ხშირად მჭირდება და ფული არ მეხარჯება. ქურთის საავადმყოფიში 2 ოპერაცია გავიკეთე და პერსონალის ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგად გვემსახურებიან", - განაცხადა დევნილმა ელიკო ბერუაშვილმა.
კოდაში დიდი და პატარა ლიახვიდან და კოდორის ხეობიდან დევნილი 450 ოჯახი, 2000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ძირითადად, უფასო სამედიცინო მომსაურებას ასაკოვანი მოსახლეობა ითხოვდა.