ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნების განახლების პროცესი მიმდინარეობს. დასრულდა გუდამაყრის №5 და ჭ.ლომთათიძის №2-ში მდებარე სათამაშო მოედნების რეაბილიტაცია. განახლებული სტადიონები, ბავშვებთან ერთად, რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ გახსნა.
„ეს არის მე-7 სტადიონი, რომლის რეაბილიტაცია განვახორციელეთ ნაძალადევის რაიონში. წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე სპორტული მოედნის აღდგენა-განახლება იგეგმება. ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია პატარებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი. მათ უნდა ჰქონდეთ სპორტული აქტივობის თვალსაზრისით რეალიზაციის საშუალება, რასაც ჩვენ ყოველთვის ხელს შევუწყობთ“ - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გამოიცვალა ხელოვნური, მწვანე საფარი, განახლდა მოედნების კარები და საკალათბურთო ფარები; არსებული ლითონის კონსტრუქცია შეიცვლება ახალი თანამედროვე ლითონისა და პლასტმასის შერეული კონსტრუქციით. ასევე, რამდენიმე დღეში დასრულდება თემქაზე, IX კვარტ. კორპუსი №13-ის მიმდებარედ არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. სამივე ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება 79 200 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით და დაფინანსებით განხორციელდა.
უახლოეს მომავალში, გამგეობის დაფინანსებით, კიდევ რამდენიმე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდება.