ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა ამიერკავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელს, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეს ჰერბერტ ზალბერს შეხვდა.
უცხოელ დიპლომატტან საუბრისას ჩირიკბამ ჯენევის მოლაპარაკების ბოლო რაუნდის შედეგების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა.
მისი თქმით, ფორუმის მონაწილეთა შორის არსებულ სერიოზულ უთანხმოებას დიალოგის პროცესი არაკონსტრუქციული მიმართულებით მიჰყავს.
,,როცა პარტნიორები შენში პარტნიორს ვერ ხედავენ, ეს ძალიან რთულია, რაც არ უნდა მოლაპარაკების სურვილი და მოტივაცია გქონდეს. ეს არის ქართული მხარის პრობლემა, რომელიც ბოლომდე ადეკვატურად ვერ აფასებს შექმნილ რეალიებს.” - აღნიშნა ჩირიკბამ.
რაც შეეხება გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ 3 ივნისს მიღებულ რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხება, ჩირიკბას თქმით, ამ დოკუმენტის არსებობა ისედაც დაძაბულ მოლაპარაკების პროცესს კიდევ უფრო ართულებს.
,,ბოლო რეზოლუცია, რომელიც საქართველომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ,,გაათრია,” პრობლემების მოგვარების კონსტრუქციულობისთვის არაფრისმომტანია. პირიქით, ის მის გარეშე ისედაც გართულებულ დიალოგს მეტ დაძაბულობას და ემოციებს ჰმატებს.
ეს სრულიად უსარგებლო დოკუმენტია. არავინ არსად დაბრუნებულა და არც დაბრუნდება. ეს არის სუფთა პოლიტიკური თამაში და თუ საქართველოს, რეალური საქმის კეთებას თამაში ურჩევნია, მისი ნებაა.” - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო უწყების ხელმძრვანელი.
თუმცა, მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური მხარე ჟენევის დისკუსიებისადმი არც ისე ოპტიმისტურად არის განწყობილი, დიალოგი უნდა გაგრძელდეს, რადგან ჟენევაში მათ საშუალება აქვთ, დანარჩენ მსოფლიოს ღიად ესაუბრონ.
თავის მხრივ, ჩირიკბასტან საუბრისას ჰერბერტ ზალბერმა აღნიშნა, რომ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში, საჭიროა კონცენტრირება ჰუმანიტარული და უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაზე გადაიტანონ.
,,მე მგონია, რომ თუ ამ თემებზე გადავიტანთ აქცენტებს და პოლიტიკური სტატუსის საკითხს ჟენევის დისკუსიების ფარგლებს გარეთ დავტოვებთ, შედეგს აუცილებლად მივაღწევთ.” - განაცხადა ევროპელმა დიპლომატმა.
ამიერკავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ ჯენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 30 ივნისსა და 1 ივლისს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ 3 ივნისს, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ხელი მოეწერა სპეციალურ რეზოლუციას.
დოკუმენტში ხაზგასმულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების უფლების დაცვის მნიშვნელობა.
ასევე, რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად ძალისხმევის გააქტიურებისკენ მოუწოდებს.