პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძის შეფასებით, ODIHR-ის მიერ გამოქვეყნებული საკანონმდებლო საქმიანობის შეფასება საკმაოდ საინტერესოა. მისი განცხადებით, ერთ-ერთი რეკომენდაცია პარლამენტის მიმართ პრეზიდენტის ვეტოს მოდიფიცირებას ეხება.
,,მოსაზრება გამოითქვა, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ვეტოს განხილვა სამი მოსმენით მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია. მისასალმებელია ის, რომ იქნება უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოსა და პრეზიდენტის ინსტიტუტს შორის. ვეტოს ამგვარი შინაარსობრივი განხილვები, თუ ეს რეგლამენტში ჩამოყალიბებული იქნება, პარლამენტის მიერ მიღებული კანონის დახვეწასა და მისი ხარისხის ამაღლებას უფრო უზრუნველყოფს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადყოფნას გამოვთქვამს, რომ რეკომენდაციების განხილვებში მონაწილეობა მივიღოთ“, - დასძინა კვერენჩხილაძემ.
დღეს არსებული მოდელით, პარლამენტი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანონპროექტს ან უცვლელად იღებს, ან პრეზიდენტის მიერ ვეტოს სახით წარდგენილი კანონპროექტის განხილვაზე უარს ამბობს და შინაარსობრივი განხილვის გარეშე, კანონპროექტის ან მიღება ან უარყოფა ხდება.
პარლამენტში ODIHR-ის დასკვნა დაახლოებით ორი თვის წინ შევიდა, დღეს კი, მასზე დეპუტატებმა იმსჯელეს.