თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ოქროპირიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
"საქმის მასალების თანახმად, გიორგი ოქროპირიძემ ჩაიდინა დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენა, რომელსაც ერთვის ბრალდება მძიმე დანაშაულში, ჩადენილი პირადი მოტივით (სსკ-ის 373-3,ა).
აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევის სხდომაზე, ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ და დაცვის მხარე, სასამართლოს წინაშე აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობით წარსდგა.
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ პროკურატურის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
კერძოდ, გიორგი ოქროპირიძე წარსულში ნასამართლევია განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის. ამჟამად ბრალდებულია დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის (სსკ-ის 109) და მასვე, ბრალად ედება კიდევ ერთი განზრახი დანაშაულის შესაძლო ჩადენა (სსკ-ის 373-3,ა), რაც ასაბუთებს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეს.
ასევე, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ პირველი დანაშაულის ჩადენის შემდგომ ბრალდებული მიიმალა, ასევე, განზრახ მკვლელობის შესაძლო ჩადენის შემდგომ, ოქროპირიძე კვლავ მიიმალა და მისი გადმოცემა მოხდა ქართული მხარისათვის არაკონტროლირებადი - ცხინვალის რეგიონიდან.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს მიმალვის, საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოში გამოცხადებისათვის თავის არიდებისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე", -ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2015 წლის 28 ივლისს 12:00 საათზე.