პარლამენტის საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩეველს ეროვნული ბანკის ქმედებებს ახსენებს და მოუწოდებს ქამრების შემოჭერის მიზნით, ათონელის რეზიდენციაში გადავიდეს. დეპუტატი ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გიორგი აბაშიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სებ-ს 4-5 ბანკი გაკოტრებაში სდებს ბრალს.
,,ზუსტად იმიტომ გავაკეთე ამის ინიცირება, რომ დღეს ეროვნული ბანკი პოლიტიზებულია. გადახედეთ ამ ყველაფერს - ოთხი, ხუთი ბანკი პირდაპირ სდებს ბრალს ბანკების გაკოტრებასა და წართმევაში. ფაქტი, რომ თვითონ მონაწილეობდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამდენი ბანკის გაკოტრებაში, იძლევა თუ არა მის მიმართ გარკვეული უნდობლობის ქონის უფლებას? აბაშიშვილმა მილიარდიანი რეზიდენციიდან აქეთ დამოძღვრას, სჯობს მოვიდეს და დაგველაპარაკოს, თუ რამე აინტერესებს. ქამრების შემოჭერაზე ლაპარაკობენ და ვითომ გაჭირვებული ცხოვრების წესით, რომ ბაძავენ ზოგიერთ პრეზიდენტს, ათონელზე ორი რეზიდენციაა მათთვის აშენებული, კეთილი ინებონ, ცოტა მათაც შემოიჭირონ ქამრები და გადავიდნენ”, - განაცხადა მეჭიაურმა.
ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი ადასტურებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტს შესაძლოა, ვეტო დაადოს.
აბაშიშვილის განმარტებით, პრეზიდენტი ვეტოს განიხილავს ყველა იმ კანონპრპოექტთან მიმართებაში, რომელიც ქვეყანას რაიმე ფორმით ზიანს მიაყენებს.
"ამ შემთხვევაში კი, ჩვენ არა თუ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც არსებითად არაფერს შეცვლის, არამედ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას პირდაპირ დააზიანებს", - განაცხადა დღეს აბაშიშვილმა.