"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელის ეკა გიგაურის მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ადრესატმა დღეს სპეციალური პრესკონფერენცია მიუძღვნა.
გოგა ხაინდრავას თქმით, სასამართლოდან მიღებულმა გზავნილმა ნიკუშა გომელაურის ლექსი გაახსენა.
,,ამ ქალაქში ყველაფერი მოსულა, ბონდომ ჯონდო დააორსულაო - ძალიან უხდება დღევანდელ ყოფას და ვითარებას ნიკუშას ეს ლექსი. კაპიტანმა გიგაურმა სასამართლოში მიჩივლა და მომივიდა გზავნილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ პატივს და ღირსების შელახვისთვის ითხოვს 30 თეთრს, ანუ 30 ვერცხლს და ბოდიშის მოხდას. რაც შეეხება 30 ვერცხლს, მისამართი შეეშალა, მე ნამდვილად არ ვაპირებ და მას უკვე მიღებული აქვს ბევრი ასეთი 30 ვერცხლი იმ ადამიანებისგან, ვინც ვერცხლებს არიგებენ”, - განაცხადა ხაინდრავამ და აღნიშნა, რომ არც ბოდიშის მოხდას აპირებს.
მისი განმარტებით, დოკუმენტში, რომელიც საქმეს აქვს დართული, წერია, რომ 2007 წლის 13 ნოემბერს ვანო მერაბიშვილი სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეს, უფროს ლეიტენანტ ეკა სიმონის ძე გიგაურს ვადაზე ადრე ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის კაპიტნის წოდებას.
,,14 ნოემბერს სულ რომ მამა აბრამის ბატკანი ყოფილიყავი ადამიანი, ვანო მერაბიშვილის წახალისების მიღება და მითუმეტეს შერგება, როგორც კაპიტანმა გიგაურმა შეირგო, არის ჩემი რწმენით აბსოლუტური უთავმოყვარეობა. ეს არის ის დღეები, როდესაც მთელი მსოფლიო შფოთავს იმაზე, რაც მოხდა თბილისში. ამის ჩამდენი და მიმღები ადამიანი, მე მელაპარაკება ღირსებაზე", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, სარჩელში საქმე გაერთიანებული ვინმე გურამ ადამაშვილთან ერთად, რომელსაც არ იცნობს. იგი აცხადებს, რომ აუცილებლად დაესწრება სასამართლო პროცესს და თავის პოზიციას დააფიქსირებს.
როგორც გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სასამართლო პროცესი უახლოეს 10 დღეში დაინიშნება.