საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს უმასპინძლა. სტუდენტებთან შეხვედრა პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის სფეროში არსებულ საერთაშორისო და ეროვნული მექანიზმების თემაზე გაიმართა. პროექტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით განხორციელდა.
სემინარის ფარგლებში, საქართველოს მთავარი პროკურატურის შესაბამისი მიმართულების პრაქტიკოსმა სპეციალისტებმა მონაწილეებს არასათანადო მოპყრობის ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა, საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები, პროკურატურის როლი და არსებული საგამოძიებო მექანიზმები გააცნეს. სტუდენტებმა მათთვის აქტუალურ საკითხებზე დასვეს კითხვები და პრაქტიკული მაგალითების განხილვაში მიიღეს მონაწილეობა.
სემინარში, რომელიც საქართველოს მთავარ პროკურატურაში ჩატარდა, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან 30-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. საქართველოს პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებთან და სტუდენტურ ორგანიზაციებთან ერთობლივი შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიზნით. პროკურატურის მხრიდან მომავალი თაობის განვითარებაზე ზრუნვა და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.