კიევის ოლქში მდებარე ნავთობაზაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაცეიების სამსახურები და ნაციონალური გვარდიის ნაწილები მუშაობენ.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში” უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი ავრცელებს.
,,ვასილკოვოს მახლობლად მდებარე ნავთობაზაზე მომხდარი აფეთქება გიგანტურია. დაიღუპნენ მეხანძრეები. განგაშმა ფეხზე დააყენა ეროვნული გვარდია. ვმუშაობთ.”- ავაკოვი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის პრეს-ცენტრის ცნობით, ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი - სხეულის მძიმე დაზიანებებით ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ კიევის ოლქში, ვასილკოვოს რაიონის სოფელ კრიაჩკში მდებარე ნავთობაზაზე ხანძარი წუხელ ღამე გაჩნდა, რამაც ძლიერი აფეთქება გამოიწვია.
დილის მონაცემებით, საწვავით სავსე 17 რეზერვუარიდან 8 ცეცხლშია გახვეული.
უკრაინის შსს-ს წარმომადგენელთა ვარაუდით, ხანძარი შესაძლოა გაუფრთხილებლობის შედეგად გაჩნდა, როცა ნავთობი ერთი კონტეინერიდან მეორეში გადაჰქონდათ.
უკრაინელი სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ ადგილი ჰქონდა ნავთობის მოპარვის მცდელობას.