იურისტი გიორგი მელაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა - ,,სატელეფონო მართლმსაჯულება’’ მოქმედებს. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე გადაცემა ,,თეორემაში” მსჯელობისას მან განაცხადა, რომ ვინც ნაფიც მსაჯულებს აკრიტიკებს, საბჭოთა კავშირის მემკვიდრეები არიან.
,,ჩვენ ვართ საბჭოთა კავშირის მემკვიდრეები. საბჭოთა კავშირს ჰქონდა სატელეფონო მართლმსაჯულება. ეს ხალხი, ვინც ნაფიც მსაჯულებს აკრიტიკებს, ყველა სატელეფონო მართლმსაჯულების ნაწილია. მათ ურეკავდნენ და რასაც ეტყოდნენ, იმას აკეთებდნენ. ნაფიცი მსაჯულების წინააღმდეგ ბრძოლა არის საბჭოთა კავშირის ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ. სხვა სახელს მე ვერ დავარქმევ. ეს არის ძველი კულტურის ბოლო გაფართხალება. ეს დამთავრდება ამ ადამიანებთან ერთად, მაგრამ ამას უნდა ვეომოთ. ეს არის ყველა ჩვენგანი საქმე. ეს არის მართლა პირადი ბრძოლა. ჩვენ თუ გვინდა სასამართლო, ჩვენ უნდა დავიცვათ სასამართლო. გვინდა ტელევიზია - უნდა დავიცვათ ტელევიზია. ტელევიზიას სჭირდებოდა, ვიცავდით. სასამართლოს სჭირდება დღეს. ნაფიცი მსაჯულები ადამიანები არიან. ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ საზოგადოება მათ უკან დგას, საზოგადოება მათ სთხოვს გადაწყვეტილებას და მათთან ერთად არის ამ გადაწყვეტილებაში. ჯარისკაცი არ დაგიდგება და არ დაიცავს სამშობლოს, თუ არ გრძნობს, რომ ვიღაცას ის სჭირდება. ეს ხალხი დღეს არიან ჯარისკაცები, ნაფიცი მსაჯული არის ჯარისკაცი”, - აცხადებს იურისტი.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გიორგი ოქროპირიძის საქმის კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა კრახი განიცადა.