დღეს, 26 აპრილს, 18:00 საათზე თიბისი გალერეაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი საუკუნის პროექტს წარმოადგენს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ეს არის მეცნიერული აპარატით შექმნილი, პირველი, მასშტაბური ინგლისურ-ქართული ლექსიკონის ონლაინ ვერსია, რომელშიც შეტანილია 100 000-მდე სიტყვა-სტატია.
ღონისძიებაზე ასევე გაიმართება, ინგლისურ-ქართული დარგობრივი ლექსიკონების ციკლის პირველი გამოცემის, ინგლისურ-ქართული სამხედრო ლექსიკონისა და მისი ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია.
ონლაინ ლექსიკონზე მუშაობა უნივერსიტეტში თითქმის ნახევარი საუკუნეა მიმდინარეობს. 1995 წლიდან დაიწყო ლექსიკონის ტომებად გამოცემა - სულ გამოცემულია 13 ტომი.
2009 წლის იანვრის ბოლოს, ლექსიკონის ონლაინ ვერსია ინტერნეტ სივრცეში განთავსდა და დღეისთვის, მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან ჰყავს მომხმარებელი.
ლექსიკონი ყოველდღიურად ივსება ახალი სიტყვა-სტატიებით, უახლესი მნიშვნელობებითა და ტერმინებით. ამჟამად, ლექსიკონში დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი სამეცნიერო-ტექნიკური, ეკონომიკური, ხელოვნების, თუ სხვა სფეროებთან დაკავშირებული ტერმინოლოგია.
დიდი ინგლისურ-ქართული ლექსიკონის სახით, შეიქმნა მნიშვნელოვანი ლინგვისტური კორპუსი, რომლის ბაზაზე, ლექსიკოგრაფიულ ცენტრს მრავალი პროექტის განხორციელება აქვს დაგეგმილი. მათ შორის ერთ-ერთია, ინგლისურ-ქართული სასწავლო ლექსიკონი და მისი ელექტრონული ვერსია, რომელსაც ქართველი მკითხველი 2011 წელს მიიღებს.
გარდა ამისა, უნივერსიტეტში შეიქმნა და წელს პირველად გამოცხადდა მიღება სამაგისტრო პროგრამაზე „ენა და ლექსიკოგრაფია", რომლის მიზანია ლექსიკოგრაფთა თაობების აღზრდა.
თსუ-ს ლექსიკოგრაფიული ცენტრი, არის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ინიციატორი საქართველოში პირველი, საერთაშორისო სიმპოზიუმის ჩატარებისა ლექსიკოგრაფიაში, რომელიც 14-16 მაისს, ქ. ბათუმში გაიმართება.