გიორგი ოქროპირიძის ადვოკატი დავით მოდებაძე ითხოვს გამოძიების დაწყებას თეა წულუკიანის და ირაკლი შოთაძის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე. როგორც ადვოკატმა „იმედის კვირაში“ განაცხადა, ნაფიც მსაჯულთა თათბირის დეტალები საიდუმლოებას წარმოადგენს და გამოძიებამ უნდა დაადგინოს პირი, ვინც დაარღვია ეს კანონი.
„თეა წულუკიანმა გააკეთა განცხადება, რომ ხუთი შვიდის წინააღმდეგ [ნაფიცი მსაჯულების ხმები] იყოო, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 367 პრიმა მუხლით ნაფიც მსაჯულთა თათბირის საიდუმლოების დარღვევას ნიშნავს. საიდან გაიგო თეა წულუკიანმა, რომ ხუთი შვიდის წინააღმდეგ იყო და შვიდი ადამიანი უჭერდა მხარს გამამტყუნებელ განაჩენს? იგივე შეკითხვას ვუსვამ ირაკლი შოთაძეს. ვითხოვ, რომ დაიწყოს გამოძიება ამ თემასთან დაკავშირებით, რათა დადგინდეს ვინ დაარღვია ნაფიც მსაჯულთა თათბირის საიდუმლოება“, - განაცხადა ადვოკატმა.