,,დიდი შვიდიანის” ყველა მონაწილეს ურჩევნია, რომ რუსეთი დღეს ფორუმის მოლაპარაკებათა მაგიდასთან იჯდეს, თუმცა ეს მანამდე არ მოხდება, ვიდრე რუსეთი უკრაინის ან სხვა ქვეყნის მიმართ აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებს.
ამის შესახებ ევროსაბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა ბავარიაში ,,დიდი შვიდიანის” სამიტის გახსნამდე გამართულ პრეს-კონფერენციამდე განაცხადა.
,,ჩვენ ყველა ვისურვებდით, რომ რუსეთი ,,შვიდიანის” ფორუმის მოლაპარაკების მაგიდასთან იჯდეს და შეხვედრას ისევ ,,რვიანის” სამიტი ერქვას, მაგრამ ჩვენი ჯგუფი, ეს არის ერთიანი ღირებულებების საზოგადოება, ამიტომ რუსეთი დღეს ჩვენთან არ არის და ვერც იქნება, ვიდრე ის უკრაინის ან სხვა ქვეყნების მიმართ აგრესიას ახორციელებს.” - აღნიშნა მან.
მისი თქმით, სამიტზე უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ პრობლემურ ურთიერთობებს აუცილებლად განიხილავენ და ტუსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებზე გამართული ნებისმიერი დისკუსია მხოლოდ ამ სანქციების გამკაცრებაზე საუბრით იქნება გამოწვეული.
გერმანიის ქალაქ გარმიშ-პართენკირჰენში "დიდი შვიდეულის" ორდღიანი სამიტი იხსნება, რომელშიც მონაწილეობენ გერმანიის, აშშ-ის, იაპონიის, კანადის, საფრანგეთის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები.
დამკვირვებელთა პროგნოზით, დღის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იქნება. მოსალოდნელია, რომ სამიტის მონაწილეებმა ამ თემის გამო დიპლომატიური ზეწოლა განახორციელონ კრემლზე, - წერს "ევროპეისკაია პრავდა".
გასულ დღეებში მედია წერდა, რომ ამერიკის პრეზიდენტი სამიტის მონაწილეების დარწმუნებას ეცდება, რათა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შენარჩუნდეს.
სამიტის კიდევ ერთი თემა საბერძნეთის ვალის კრიზისია. ასევე იმსჯელებენ გლობალური დათბობისა და "ებოლას" ცხელების შესახებ.