აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს, ბავარიის ალპებში მიმდინარე ,,დიდი შვიდიანის” სამიტის გახსნისას განაცხადა, რომ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ,,უკრაინაში რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის საკითხი” იქნება.
,,მომავალი ორი დღის განმავლობაში ელმაუს სასახლეში ვაპირებთ, ექსტრემიზმის საფრთხეებიდან და და მათზე საპასუხო რეაქციებიდან დაწყებული კლიმატის ცვლილებით დამთავრებული, ვისაუბროთ ყველაფერზე, განვიხილოთ ჩვენი საერთო მომავალი, მსოფლიო ეკონომიკა და ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენი ახალი შესაძლებლობები, ევროკავშირის კეთილდღეობისა და ძლიერების შენარჩუნების გზები, ასევე, ვილაპარაკოთ ტრანსატლანტიკური სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებასა და უკრაინაში რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე.”- აღნიშნა ობამამ თავის გამოსვლაში.
შეგახსენებთ, რომ ყირიმის ანექსიის გამო, ,,დიდი რვიანის” ქვეყნებიდან რუსეთი გასულ წელს გარიცხეს, ამიტომ შეხვედრებს 7G-ს ფორმატში აგრძელებენ.
სამიტამდე ცოტა ხნით ადრე კანადის პრემიერმა სტივენ ჰარპერმა გამოთქვა აზრი, რომ უკრაინასთან მიმართებაში თავისი ქმედებებით ვლადიმერ პუტინმა თავისუფალი მსოფლიოს წინაშე რეპუტაცია საბოლოოდ გაიფუჭა და ,,ვიდრე ის ხელისუფლებაშია ,,შვიდიანი” ისევ ,,რვიანად” ვერ გადაკეთდება.”