,,ოდესაში ჟურნალისტების დაკითხვები, ჩხრეკები და დაპატიმრებები გრძელდება. ახლადდანიშნულ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს კი სპეცდანიშნულების რაზმი იცავს. სამართალდამცავი ორგანოების ძალისხმევის მიუხედავად, ოდესაში დაძაბული და ფეთქებადსაშიში ვითარებაა”, - ამის შესახებ გერმანული საინფორმაციო სააგენტო Telepolis-ის გვერდზე ჟურნალისტი ულრიხ ჰაიდენი წერს.
,,ისინი, ვინც უკრაინის ამჟამინდელი რეჟიმით უკმაყოფილოები არიან, გარეთ იშვიათად გამოდიან. მათი საპროტესტო აქციებიც მცირერიცხოვანია, ვინაიდან მათზე უშიშროების ან ნაციონალისტების მხრიდან თავდასხმის რისკი დიდია. ტურისტები ოდესას თავს არიდებენ, პლიაჟები ცარიელია.” - იუწყება წერილის ავტორი.
მისი აზრით, თავად ოდესის ახალი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილიც ვერ გრძნობს თავს დაცულად, ამიტომ უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს დავალებით, მის დასაცავად სპეციალური დანიშნულების ჯგუფი იქმნება.
თუმცა, ჰაიდენის თქმით, დღეს ოდესაში საფრთხე არა იმდენად ახალ გუბერნატორს, არამედ ოპოზიციონერებს და უპირველესად მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებსა და მწერლებს ემუქრებათ.
ამის დასამტკიცებლად მას რამდენიმე მაგალითი მოჰყავს.
,,ვსევოლდ ნეპაგოდინი უკრაინის უშიშროების სამსახურში ,,სასაუბროდ” მას შემდეგ დაიბარეს,რაც სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნის მერე, ერთ-ერთ გაზეთში ვარაუდი გამოთქვა იმის შესახებ, რომ პოროშენკოსა და სააკაშვილის პოლიტიკას უკრაინასა და დნესტრისპირეთს შორის კონფლიქტის პროვოცირება შეეძლო.” - წერს გერმანელი ჟურნალისტი.
მისი თქმით, ასევე მძიმე დარტყმა მიიღო ინტერნეტ-პორტალმა ,,ტაიმერმა,” რომლის 6 თანამშრომელი 14 მაისს დააკავეს და მათი დაკითხვა 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სპესცამსახურებმა გამოცემის ოფისიდან მათი კუთვნილი აპარატურა, ტექნიკა და მახსოვრობის ბარათები წაიღეს.
,,მათი ,,დანაშაული” ის იყო, რომ ,,თაიმერი” აპრილის ბოლოს სეპარატიზმში ბრალდებულ ჟურნალისტ არტიომ ბუზილსა და მის ორ კოლეგას გამოესარჩლა.” - აღნიშნავს ურლიხ ჰაიდენი თავის სტატიაში და დასძენს, რომ ვიდრე უკრაინული სპეცსამსახურები პრესასთან ბრძოლით არიან დაკავებული, ოდესის ოლქში ტერატქები არ წყდება.