ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილის ინფორმაციით, მისი საქმის გამოძიება დასრულებულია და ყველა დამნაშავეს დაიჭერენ.
ყვარელში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახლთან, მხარდამჭერთან ერთად მისული ბიზნესმენი აცხადებს, რომ ცოტა ხნის წინ პროკურატურიდან დაურეკეს და მისი საქმის გამოძების შესახებ აცნობეს.
„გზაში მთავარი პროკურატურიდან დამირეკეს და მითხრეს, თქვენი საქმის გამოძიება დასრულებულია, ხვალ გავრცელდება განცხადება და ყველა დამნაშავე იქნება დაკავებულიო“, - განაცხადა შოშიაშვილმა. მისი თქმით, ერთ საათში გადაწყვეტენ, დარჩნენ ექსპრეზიდენტის სახლთან და აქცია გამართონ, თუ უკან, დედაქალაქში დაბრუნდნენ.
ბიზნესმენსა და მის მხარდამჭერებს ყოფილი პრეზიდენტის საცხოვრებელ სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დახვდნენ.
ისინი ადგილზე აქციას მართავენ და აცხადებენ, რომ სააკაშვილის საცხოვრებელი სახლის დაკავების უფლებას არავის მისცემენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „მიშა მაგარია“, მიშა ჩამოდი“, „სლავა უკრაინა“.
ვალერი შოშიაშვილის ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ბექა ბასილაიამ და ზაზა მალუძემ, 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე აიძულეს, ყვარლის რაიონის სოფელ გრემის კულტურის სახლის დანგრეულ შენობაში, რომელიც აუდიტის მიერ 8 ათას ლარად შეფასდა, 700 ათასი ლარი გადაეხადა. შოშიაშვილის განცხადებით, მას აუქციონში მონაწილეობა არ მიუღია და გამარჯვებულად ისე გამოაცხადეს.
2012 წელის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბიზნესმენმა პროკურატურას მიმართა და აღნიშნული საქმის გამოძიება ითხოვა. სამართლიანობის აღდგენის მიზნით, ის სააკაშვილის სახლში მის შეშვებას ითხოვს და სახლის დაკავებას აპირებს. ნაციონალებმა იგი ხელისუფლებასთან გარიგებაში დაადანაშაულეს, თუმცა ბიზნესმესნმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მხოლოდ საკუთარ თავს აღუდგინა სამართლიანობა და დაიბრუნა წართმეული ქონება.