,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოს მართლმსაჯულებაში მნიშვნელოვანი დღეა. ამის შესახებ ალსანიამ ე.წ. კაბელების საქმეზე მიმდინარე პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დაუშვებლად ცნო ის ძირითადი საფუძველი, რის გამოც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან.
„პირველივე დღიდან ვიძახდით, რომ ეს ხუთი ადამიანი არის უდანაშაულო. თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს იყო ივანიშვილის და მისი ჯგუფის დაკვეთა, მაგრამ, დღეს, როდესაც სასამართლოს მიერ დაუშვებლად იქნა ცნობილი ის ძირითადი საფუძველი, რის გამოც ეს ხალხი უდანაშაულოდ ციხეში ჩასვეს, ეს ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ, ყველა მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი დღე, რათა ვიწამოთ, რომ ჩვენს ქვეყანაშიც შეიძლება სამართალი აღსრულდეს და მოსამართლეებმა ადეკვატური, სწორი და ღირსეული გადაწყვეტილებები მიიღონ,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ე.წ. კაბელების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით ჯუღელმა დასაშვებად არ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულება - სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზა.