მოკლული ლაშა მახარაძის დედა მთავარ პროკურატურას მოუწოდებს ყველა ღონე იხმაროს, რათა მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი ოქროპირიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება არ დატოვოს.
"იმედთან" საუბარში ნინო დიდებულიძე აცხადებს, რომ ოქროპირიძე ბევრ ადამიანს მოკვლით ემუქრება.
,,ის აუცილებლად ჩაიდენს იგივე დანაშაულს, რადგან გამწარებულია ბევრ ხალხზე, რომლებიც არ მალავენ მის დანაშაულს. სასამართლო პროცესებიდანვე ანიშნებდა ვის შუბლს გაუხვრეტდა და ამას ის აუცილებლად აასრულებს", - განაცხადა ნინო დიდებულიძემ.
ოჯახის ახლობელი ზაალ ჟვანია კი აცხადებს, რომ თუკი სასამართლო ოქროპირიძეს გაათავისუფლებს, იძულებული გახდება შური იძიოს.
ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა ბრალდების მხარისთვის. პროკურორის განმარტებით, გიორგი ოქროპირიძეს პატიმრობის 9-თვიანი ვადა 11 ივნისს ეწურება და შესაბამისად, ამ ვადის გასვლის შემდეგ საპატიმრო შესაძლოა დატოვოს.
ახალ ნაფიც მსაჯულთა შერჩევა 10 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება და იმ შემთხვევაში, თუ მეორე შემადგენლობამაც კვლავ ვერ მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ითვლება.
25 წლის ლაშა მახარაძე 2014 წლის 2 სექტემბერს აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე, იგივე „ოქრიკა“ იმავე წლის სექტემბერში დააკავეს.