თავდაცვის სამინისტროს ე. წ. კაბელების საქმეზე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესზე, პროკურატურის მთავარი მტკიცებულება, ფინანსური და ინჟინრული ექსპერტიზის დასკვნა, სასამართლომ დასაშვებად არ ცნო. სასამართლომ პროკურატურას გასაჩივრებისთვის 10 დღეს მისცა.
პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე არ დაუშვეს ბრალდების მტკიცებულებები, პროკურატურას საკმაოდ მრავლად აქვს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულთა დანაშაულს ამტკიცებს. პროკურორის თქმით, მათ გასაჩივრების ვადა აქვთ და ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.
"ამ საქმეში არის ბევრი მტკიცებულება და ამ დასკვნის დაუშვებლად ცნობის მიუხედავად, სახელმწიფო ბრალდებას კიდევ რჩება საქმეში საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ბრალდებულების დანაშაული დაადასტუროს", - განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.
მისი შეფასებით, მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება გაუგებარია.
მოსამართლე დავით ჯუღელის გადაწყვეტილებით, ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლო პროცესი გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ გაგრძელდება.