საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი გარკვეულ რეფორმას საჭიროებს, რადგან უკვე შეიძლება გარკვეული დასკვნების გაკეთება, თუ როგორ მუშაობს იგი.
"ის, რომ ამ ინსტიტუტს გარკვეული რეფორმა სჭირდება ეს ცალსახაა, ამაზე არაერთხელ იყო საუბარი, თუმცა დეტალურად კომენტარის გაკეთება გამიჭირდება, არ არის დიდი ხანი რაც ეს ინსტიტუტია შექმნილი, თუმცა გარკვეული დასკვნების გაკეთება რამდენად ეფექტურად მუშაობს ინსტიტუტი შეიძლება," - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი ვერ გამოიტანეს, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა ბრალდების მხარისთვის. პროკურორის განმარტებით, გიორგი ოქროპირიძეს პატიმრობის 9-თვიანი ვადა 11 ივნისს ეწურება და შესაბამისად, ამ ვადის გასვლის შემდეგ საპატიმრო შესაძლოა დატოვოს.
ახალ ნაფიც მსაჯულთა შერჩევა 10 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება და იმ შემთხვევაში, თუ მეორე შემადგენლობამაც კვლავ ვერ მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი ოქროპირიძე გამართლებულად ითვლება.
25 წლის ლაშა მახარაძე 2014 წლის 2 სექტემბერს აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე, იგივე „ოქრიკა“ იმავე წლის სექტემბერში დააკავეს.