რუსმა პარლამენტარებმა ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის ექსპერტების მიერ მოზადებული მოხსენება, რომელშიც ისინი დასავლეთს რუსეთის წინააღმდეგ შეიარაღებისკენ მოუწოდებენ, ,,ცივი ომის“ დროინდელ პროპაგანდისტულ აგიტაციას შეადარეს.
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, დსთ-ს საკითხების კომიტეტის წევრის ვასილი ლიხაჩოვის თქმით, მსგავსი სახის ანგარიშები შეკვეთით იწერება და სამთავრობო სტრუქტურების, უპირველესად ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დეზინფორმირებისკენ არის მიმართული, რათა მათ რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი თქვან.
,,იხუჭება თვალები, იხშობა ყურები და იკარგება მიმდინარე პროცესების ინტელექტუალურად შეფასების უნარი.
შეიძლება მხოლოდ მწუხარება გამოვთქვათ, როცა მსგავსი სახის მომენტები იჩენს თავს და ეს არ არის რუსეთის ფედერაციასა და გარე სამყაროს შორის დიალოგისთვის პოზიტიური ფაქტორი.“ - აცხადებს ლიხაჩოვი.
ბრიტანელი ექსპერტების მიერ მომზადებული მოხსენება მისმა კოლეგებმაც გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ დოკუმენტი რუსეთთან ურთიერთობაში დასავლეთის გეგმებს ახმოვანებს.
,,სხვდასხვა ექსპერტი და პოლიტიკოსი სხვადსხვა სიტყვით გამოთქვამს ერთიდაიგივე აზრს: დასავლეთს სჭირდება დასუსტებული, სისხლისგან დაცლილი და პასიური რუსეთი, როგორც მხოლოდ ნედლეულის მიმწოდებელი ქვეყანა და მზა პროდუქციის ბაზარი.“ - განაცხადა დუმის ვიცე-სპიკერმა ნიკოლაი ლევიჩევმა.
მისი აზრით, ბრიტანელ ექსპერტებს სურთ, შეაჩერონ რუსეთის განვითარება, ის მესამე მსოფლიოს ნაწილად აქციონ და ამ მიზნით, ევროპის ქვეყნებს მასზე ეკონომიკური ზეწოლის სამხედრო მუქარისა და მის შიდა საქმეებში ჩარევისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის სპეციალისტებმა დღეს გამოაქვეყნეს ანგარიში, სადაც დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდეს, მეტი ყურადღება მიაქციონ თავიანთი ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას და განაცხადეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ნატო და ევროკავშირი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურ აგრესიას ვერ გაუმკლავდება.