საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, საზოგადოების დიდ ინტერესს აღარ წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემა. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნისა და მოქალაქეობის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი არის გაკოტრებული პოლიტიკოსი და მისთვის საინტერესო არ არის მიხეილ სააკაშვილი.
"სააკაშვილი არის გაკოტრებული პოლიტიკოსი. აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელთაც არანაირი საფუძველი აღარ აქვს. აღარც ვკითხულობ მის გამოსვლებს. მან მიაღწია ეტალონს და გადააჭარბა ნათელაშვილს. მე მგონი, ამ დონეზე დავიდა საკუთარი განცხადებებითა და ქმედებებით. მე მგონი, თქვენი ინტერესიც ნაკლებია", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი მტკიცებით, ევროპაშიც და ამერიკაშიც გაიგეს მიხეილ სააკაშვილის როლის თაობაზე. ,,ასევე, ხალხი თავდაპირველად უფრო აგრესიულად ითხოვდა მის პასუხისგებას. დღეს ყველაფერი დალაგდა და ხალხს ამის ნაკლები ინტერესი აქვს. საზოგადოება აღარ შფოთავს და დიდ ინტერესს აღარ წარმოადგენს ჩამოიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს", - დასძინა ყოფილმა პრემიერმა.