უძრავი ქონების ნაწილი, რომელიც უკანონოდ იყო ჩამორთმეული, ამ ეტაპზე ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია და ისინი პროკურატურის გადაწყვეტილებას ელოდებიან. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.
"უძრავი ქონების ნაწილი, რომელიც იყო ჩამორთმეული ამ ეტაპზე ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია და ველოდებით პროკურატურის გადაწყვეტილებას, ჩვენ მივყვებით იმ გეგმას, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა," - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი, ის პროცედურები განმარტა, რომლითაც ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნება მოხდება.
"პროკურატურა წინასწარ მოკვლევას აწარმოებს, შემდეგ მათ გამოაქვთ დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, შემდეგ მიემართება ეკონომიკის სამინისტროს წინადადებით, რომ მან 1 ლარად გადასცეს უკან ქონება და წარმოშობილი გადასახადის ნაწილში ფინანსთა სამინისტროს აქვს დავალებული, რომ გადასახადი ჩამოაწეროს და არ გადაახდევინოს," - აღნიშნა მინისტრმა.
იძულებით ჩამორთმეული ქონების საკითხზე დღეს, მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს.