უკრაინაში საჭიროა ისეთი საპროცესო ქმედების შემოღება, როგორიცაა ,,ქრთამის პროვოცირება”, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უმაღლესი რადას წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
,,ხშირად ვფიქრობ, რომ საჭიროა ისეთი საპროცესო ქმედების დაწესება, როგორიცაა ,,ქრთამის პროვოცირება”. ეს იმას ნიშნავს, რომ სპეციალურად მომზადებული და მოტივირებული ადამიანები, სხვადახვა თხოვნის შესრულების საზღაურად, მექრთამეობაში ეჭვმიტანილ ჩინოვნიკებს შეამოწმებენ. ამ ახალ საპროცესო ქმედებას ბევრი გაუმართლებლად მიიჩნევს, მაგრამ ის კორუფციის დამარცხებაზე ერთმნიშვნელოვნად იმოქმედებს. თვით ის ფაქტი, რომ ადამიანებს ეცოდინებათ, ქრთამი შეიძლება პროვოცირებული იყოს, კორუფციის რისკს შეამცირებს.”- აღნიშნა პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს კანონი, რომელიც მოწმეთა დაცვას გააძლიერებს. ასევე, საჭიროა ისეთი საპროცესო გარიგების დანერგვა და სასჯელის შემსუბუქება იმ შემთხვევისთვის, თუ დაბალი რანგის მექრთამე გამოძიებას მასზე მაღლა მდგომი მექრთამე-ჩინოვნიკის გამოაშკარავებაში შეუწყობს ხელს.