დედაქალაქის მასშტაბით წყლის ამოტუმბვა უკვე 60-მდე კორპუსის სარდაფიდან მოხდა. ამის შესახებ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რომელიც გიგი უგულავამ საგანგებოდ მოიწვია, მერის მოადგილე ნიკო ხაჩირიშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ძლიერი წვიმების შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით თბილისის ყველა რაიონის გამგეობაში საგანგებო შტაბები მუშაობს.
"ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ყველა რაიონის გამგეობაში საგანგებო შტაბებია შექნილი. პრობლემების ძირითადი ნაწილი სადარბაზოებისა და სახლების დატბორვებზე მოდის, აქედან 60-ე კორპუსში წყლის ამოტუბმა უკვე მოხდა", - განაცხადა ხაჩირიშვილმა.
ამასთან, მერის მოადგილის თქმით, ძლიერმა წვიმებმა 80-მდე კორპუსის სახურავიც დააზიანა, რომლის შეკეთებაც ხვალ, ან ზეგ დაიწყება.
რაც შეეხება გლდანულაში ჩანგრეულ გზას, ხაჩირიშვილის განმარტებით, მისი აღდგენითი სამუშაოები გამოდარებისთანავე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით თბილისის მთავრობა თანხმებს სარეზერვო ფონდიდან გამოყოფს.