ცხინვალის რეჟიმის განცხადებით, ქართველი პოლიტიკოსები თავიანთ დასავლელ კოლეგებთან ერთად, გამუდმებით ცდილობენ საერთაშორისო თანამეგობრობა შეცდომაში შეიყვანონ.
ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კვარტალურ ანგარიშსა და ასევე საქართველოში სტუმრად მყოფი სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ივიცა დაჩიჩის მიერ გაჟღერდა, რომ მხარეები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ. ამასთან, გაკეთდა განცხადება, რომ ამ ტერიტორიებზე აუცილებლია ეუთოს მისიის აღდგენა და საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვება.” - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების აზრით, გასაკვირი არაა, რომ ბერუჩაშვილის უწყების მიერ მომზადებული ანგარიშიდან, სერბმა დიპლომატმა მსგავსი დასკვნა გამოიტანა, ვინაიდან სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით ქართველი პოლიტიკოსების ვარაუდის მიხედვით, შედგენილი დოკუმენტი სასაცილოა.
,, რაც შეეხება ობიექტურ რეალობას, უმჯობესია საერთაშორისო თანამეგობრობამ ყურადღება მიაქციოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მოქალაქეების ცხოვრების დონეს საქართველოში, რადგან ცხოვრებისეული სტანდარტები სამხრეთ ოსეთში ბევრად მაღალია, ვიდრე საქართველოში.” - წერს ცხინვალის რეჟიმი.