დედაქალაქის მთავრობა უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით თანხებს სარეზერვო ფონდიდან გამოყოფს.
ამის შესახებ ქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, რომელიც დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ საგანგებოდ მოიწვია.
სხდომას თბილისის ყველა რაიონის გამგებელი და საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ხელმძღვანელი თემურ გიორგაძე ესწრებოდნენ.
უგულავამ მათგან ძლიერი წვიმების შედეგად დედაქალაქში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია მოისმინა და შესაბამისი დავალებებიც გასცა - გამგეობებს პრობლემების აღმოსაფხვრელად ოპერატიულად მოქმედება დაევალა.
"მიუხედავად იმისა, რომ თბილისი სტიქიის მძვინვარების ცენტრი არ არის, ზარალი მაინც დიდია, განსაკუთრებით ძველ უბნებში. ჩემი შეშფოთების საფუძველს იწვევს სინოპტიკოსების პროგნოზიც, რომ მომავალი ერთი კვირის განმავლობაში ისევ იწვიმებს. ეს განსაკუთრებით ძველი რაიონებისთვისა არის მაღალი რისკის შემცველი. ამიტომ შესაბამისი ღონისძიებები წინასწარ უნდა დავგეგმოთ, რათა ოპერატიულად მოქმედება შევძლოთ", - განაცხადა უგულავამ ქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ამასთან, დედაქალაქის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, უამინდობასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შექმნის შემთხვევაში თბილისის მერიას და საგანგებო სიტუაციათა სამსახურს დროულად დაუკავშირდნენ.