„როგორ შეიძლება მეგობრობა და მეგობრულ ურთიერთობაზე საუბარი ქვეყანასთან, რომელმაც არა მხოლოდ ოკუპაცია მოახდინა, არამედ დღესაც განაგრძობს ამ ოკუპაციას“- განაცხადა თეა წულუკიანმა „უკრინფორმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები ხდება. მისი თქმით, ომის შემდეგ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოს აღარ აქვს, საუბარია მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებაზე, რის გამოც შექმნილია არაოფიციალური ფორმატი. „ფორმატი ერთადერთია, სადაც საქართველო და რუსეთი ერთმანეთს ხვდებიან და ჰუმანიტარულ და ვაჭრობის საკითხებზე საუბრობენ. რუსეთთან მეგობრობა, რა თქმა უნდა შეუძლებლია და ის ყოველთვის შეუძლებელი იქნება, ვიდრე ისინი ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას არ მოახდენენ. ჩვენ ვმუშაობთ იმ კუთხით, რომ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით არავინ დაუშვას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს მოწყდნენ“- განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ მოსკოვსა და სოხუმს შორის, მოსკოვსა და ცხინვალს შორის ე.წ. ხელშკრულებების გაფორმება საქართველოს ხელისუფლებამ დე-ფაქტო ანექსიად შეაფასა.