საქართველოს სახალხო მხატვარი თემო გოცაძე თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნებისა და ფიროსმანის მუზეუმის შექმნის იდეით გამოდის. როგორც მან ,,ჯი-ეიჩ-ენთან” განაცხადა, ეს იდეა ქართული სახელმწიფოსა და ქართული ბიზნესის მიერ უნდა იქნეს განხორციელებული.
"არსენალის მთა ღამით" საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, მხატვარი აცხადებს, რომ იმედოვნებდა, ქართული ბიზნესი ყურადღების გარეშე არ დატოვებდა აუქციონზე გატანილ ფიროსმანის ნამუშევარს.
,,ფიროსმანის ნამუშევრის ქრისტის აუქციონზე რუსული კოლექციით გატანის ფაქტმა საზოგადოების მკვეთრი რეაქცია გამოიწვია. სიტუაცია კიდევ უფრო გამძაფრდა იმითაც, რომ პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი პირადად იყო ჩართული იგივე აუქციონზე აივაზოვსკის ლოტის საკითში (ნამუშვარი იყო მოპარული და არ უნდა მოხვედრილიყო აუქციონზე). აღნიშნულმა ფაქტმა მექანიკურად დაბადა უკმაყოფილება საკუთარი სახელმწიფოს მიმართ, რამეთუ ბოლო მომენტამდე ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. შეიძინა რა პოლიტიკური ელფერი, საზოგადოება აქტიურად დაუპირისპირდა საკუთარი მთავრობის უყურადღებობას! ყოველივე ეს, იმთავითვე მაფიქრებდა იმას, რომ ქართული ბიზნესი ყურადღების გარეშე არ დატოვებდა ფიროსმანის ნამუშევარს. ასეც მოხდა. მან, ვის სახელთანაც არის დაკავშირებული თანამედროვე სახვითი ხელოვნების საკმაოდ ფართო კოლექციის შექმნა, შეიძინა ნამუშევარი. ვგულისხმობ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. "არსენალის მთა ღამით" დაუბრუნდა საქართველოს. მართალია კერძო კოლექციის ფორმით, მაგრამ ესეც მაფიქრებინებს იმას, რომ ის დაიდებს ბინას ეროვნული მუზეუმის ფიროსმანის კოლექციაში.
აქვე ჩნდება ძალიან საინტერესო იდეა ქართული სახელმწიფოსა და ქართული ბიზნესისათვის. აუცილებლად შესაქმნელია თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი და ფიროსმანის მუზეუმი. ეს იდეა ქართული საზოგადოების წინაშე მთელი მე-20 საუკუნის მანძილზე მუსირებდა. არსებობს არქიტექტურული პროექტებიც. აღნიშნული ფაქტი გადაფარავს იმ დანაშაულებრივ უყურადღებობას რასაც სახელმწიფოს მხრიდან უკანასკნელი 25 წლის მანძილზე განიცდის ქართული თანამედროვე სახვითი ხელოვნება”, - განაცხადა სახალხო მხატვარმა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" მილიონნახევარ დოლარად "კრისტის" აუქციონზე შეიძინა. უკვე ცნობილია, რომ იგი
საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა.
აღნიშნული ნახატი ნიკო ფიროსმანმა 1907-1908 წელს შექმნა და ამ დრომდე კერძო კოლექციონერის საკუთრება იყო. ტილო ბოლოს ლონდონის აუქციონზე 2010 წელს გაიყიდა. მანამდე ის 2007 წელს ნიუ-იორკის "სოტბის" აუქციონზე გაყიდეს. 1957 წელს ფიროსმანის ნახატი ფრანგ პოეტს, ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს.