,,თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ დღევანდელი მართლმსაჯულების სისტემა არაფრით განსხვავდება 2012 წლამდე არსებული სისტემისგან. ამის შესახებ მან დღეს ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით ექსპერტთა კლუბში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
მისი შეფასებით, პროკურატურას პოლიტიკურად მოტივირებული საქმე დაენგრა.
„გულსატკენია, რომ ამდენხანს, უდანაშაულო ადამიანები არიან ციხეში. ეს მაგალითია იმისა, რომ არაფრით არ განსხვავდება დღევანდელი მართლმსაჯულების სისტემა, იმისგან რასაც ვებრძოდით და შევცვალეთ 2012 წელს,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ყოფილი დავდაცვის მინისტრის თქმით, იმ ხელმძღვანელმა პირებმა, ვინც ასეთ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ, პროკურატურა აქციეს აქილევსის ქუსლად ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციის საქმეში.
„დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ პრეზიდენტი სოსო ცისკარიშვილი კი მიიჩნევს, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე სიფხიზლეა საჭირო.
„ის ფაქტი, რომ გადადებული სასამართლოების რიცხვი ბევრად ჭარბობს შემდგარი სხდომების რაოდენობას, გვაიძულებს ვიყოთ უფრო ფხიზლად ამ მიმართულებით, რომ კვლავ შეცდომაში შეყვანის სურვილი არ გაუჩნდეს ხელისუფლებას ისეთ მწვავე საკითხზე რასაც ქვია თავდაცვის სამინიტრო და მთელი ქვეყნის უსაფრთხოება,“ - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.