დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფი პორტუგალიის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ჟოაო გონსალვის პერეირა მიიღო.
დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმარს ჩამობრძანებისთვის და პორტუგალიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. მისივე თქმით, სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე საქართველო მუდმივად გრძნობს პორტუგალიის მხარდაჭერას.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და პარტუგალიის ხედვა ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა.
პარლამენტის თავმჯდომრემ მადლობა გადაუხადა ჟოაო გონსალვის პერეირას პორტუგალიის პარლამენტის მიერ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის პროცესის დასრულებისთვის. დავით უსუფაშვილმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოსა და პორტუგალიის პარლამენტებს შორის ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე და განაცხადა, რომ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს პარლამენტების მეგობრობის ჯგუფების აქტიურ თანამშრომლობას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საჭიროა უფრო მეტი გაკეთდეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების თვალსაზრისით. დავით უსუფაშვილმა და ჟოაო გონსალვის პერეირამ აღნიშნეს, რომ აუცილებელია პორტუგალიაში უკეთ გაიცნონ ქართული ღვინო, ხოლო საქართველოში - პორტუგალიური ღვინო.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს კავკასიის რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ ვითარებაზეც.
ჟოაო გონსალვის პერეირამ დავით უსუფაშვილს გადასცა პორტუგალიის პარლამენტის თავმჯდომარის წერილი, სადაც ქალბატონი მარია ასუნსაო ესტევეზი გამოთქვამს მზაობას, რომ საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცებას.