პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორმაგი მოქალაქეობა მიიღოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოტივირებული განაცხადი უნდა წარადგინოს.
კვერენჩხილაძის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ ეტაპზე არც იუსტიციის სამინისტროსგან შესულა დოკუმენტი სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღებასტან დაკავშირებით
„იმისთვის, რომ პირმა - უცხო ქვეყნის მოქალაქემ, საგამონაკლისო წესით საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს, მან საქართველოს პრეზიდენტს მოტივირებული განცხადებით უნდა მიმართოს და თან იმ ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი დაურთოს, რომლის მოქალაქეც არის. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პირის მოტივირებული განცხადება სავალდებულოა“, - განმარტავს გიორგი კვერენჩხილაძე.
რაც შეეხება ორმაგი მოქალაქეობის საკითხს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ ეტაპზე არ აქვთ პასუხი, დააკმაყოფილებს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განაცხადს, იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციას ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად მიმართა.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ის ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად სხვა ქვეყნის მოქალაქე არ შეიძლება იყოს. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს, ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.