ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია, ტრანსპორტით ბავშვების გადაადგილებაზე, უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების ინიციატივით გამოდის.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილი პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველო "დაუცველი ბავშვებით" ხვდება. მისი ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში, სხეულის დაზიანება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 20162-მა ბავშვმა მიიღო.
"ავტოსაგზაო შემთხვევებში 2014 წელს სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო 839-მა ბავშვმა, რაც 2012 წლის მონაცემებს 28 პროცენტით აღემატება. სულ კი ბოლო სამი წლის განმავლობაში სხეულის დაზიანება მიიღო 20162-მა ბავშვმა, ხოლო გარდაიცვალა 61 ბავშვი. განსაკუთრებით შემზარავია ბოლო პერიოდში ჩვილ ბავშვთა გარდაცვალების ფაქტების მომრავლება.
,,უბედური შემთხვევა შეიძლება ეწოდოს სიტუაციას, როდესაც სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ბავშვთა უფლებების დასაცავად და მაინც ვიღებთ ასეთ ტრაგიკულ შედეგს. ჩვენ კი რეალობაში გვაქვს სურათი, როდესაც სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია ბავშვთა უფლებების დასაცავად”, განაცხადა მესხიშვილმა და ჟურნალისტებს საკანონმდებლო ინიციატივა გააცნო.
,,გარდაუვალი აუცილებლობას წარმოადგენს გატარდეს შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებები – სავალდებულო გახდეს ყველა ავტომობილზე ბავშვის საცნობი ნიშნის განთავსება, როგორც მსუბუქ ავტომობილებზე ასევე სამგზავრო ავტოტრანსპორტზე; კატეგორიულად აიკრძალოს ბავშვთა გადაყვანა დამდგარ მდგომარეობაში; დაისაჯოს მძღოლი, თუ ის საჭეს მართავს ჩვილ ბავშვთან ერთად რომელიც მას მოთავსებული ჰყავს კალთაში; 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა განხორციელდეს მხოლოდ უკანა სავარძელზე, რომელზეც იქნება დამონტაჯებული სპეციალური დამჭერი მოწყობილობა-საბავშვო სავარძელი; აიკრძალოს ბავშვის გადაყვანა მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდომი მგზავრის კალთაში, ვინაიდან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ბავშვი ყვება ორმაგ პრესში; საქალაქთაშორისო ტრანსპორტით 7 წლამდე ბავშვის გადაყვანა განხორციელდეს მხოლოდ სავარძელზე დამაგრებული სპეციალური საბავშვო სავარძლით და რაც ყველაზე მთავარია საპატრულო პოლიციამ რომელიც ბოლო პერიოდში პრაქტიკულად არ აღასრულებს კანონს დააწესოს მკაცრი კონტროლი დარღვევებზე", - განაცხადა მესხიშვილმა და დასძინა, რომ ტრანსპორტის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოა.