მოსამართლეთა წარსულში ჩადენილი გადაცდომები დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ არ იქნება შესწავლილი. როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომებზე.
რაც შეეხება გადაცდომებს, ისინი უნდა დადგინდეს და დაკვალიფიცირდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წინასწარ გამოქვეყნებული კრიტერიუმების შესაბამისად.
"არასწორად იქნა გაგებული დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შესახებ და უფლებამოსილებებთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია. დამოუკიდებელი ინსპექტორი, მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ქოლგის ქვეშ მუშაობს, ის არის საბჭოს ქვემდებარე დამოუკიდებელი პირი, რომელიც არის მაღალი დამოუკიდებლობის გარანტიებით და მაღალი პროფესიული ნიშნით არჩეული. დამოუკიდებელი ინსპექტორი საბჭოს გარეშე ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში ამ ინსტიტუტის გაძლიერებით ეფექტური გახდება იუსტიციის საბჭო. მისი ეფექტურობა იქნება პირდაპირი პასუხი საზოგადოების საჩივრებზე და წერილებზე", - განაცხადა ნინო გვენეტაძემ და დასძინა, რომ დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი არაერთ ქვეყანაში მუშაობს.